მსხვერპლის აღსარება
* * *
ყოველთვის მოიძებნება სიტყვები, რომლითაც ადამიანი თავს გაიმართლებს, ყოველთვის ექნება დასაწყისს დასასრული, ყოველთვის არის დრო მონანიებისთვის, მაგრამ ვერასოდეს შეცვლი მომხდარს, ვერასოდეს შეცვლი (დუმილით) უკვე ნათქვამ სიტყვებს, ვერ მოატყუებ უფალს... ადამიანი მხოლოდ მაშინ აცნობიერებს დანაშაულს, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება, მხოლოდ მაშინ ლოცულობს, როცა განსაცდელშია, მხოლოდ მაშინ ტირის, როცა ცრემლებით ვერაფერს შეცვლის... ალბათ ყველაზე რთული (დედამიწაზე) ადამიანად ყოფნაა, ყველაზე რთულია ადამიანური გრძნობებით ცხოვრება, ყველაზე მარტივი კი უფალთან მისვლა და მიტევების თხოვნაა... არადა ამ დროს როგორი შესაძლებელია სწორად იცხოვრო, სწორად და არა უშეცდომოდ!
რკინის გისოსებს მიღმა ყველა იცვლება, ყველა ვისაც შესწევს ძალა გადარჩენისთვის იბრძოლოს, სულის გადარჩენისთვის. ბადრაგის ნაბიჯების ხმა, გაყინული საკნის მიღმა მარტო ყოფნა და კედელზე ნესტით გაჩენილი ბზარები - ეს სიგიჟეა! ყველაფერს მოწყვეტილმა მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო თუ რას შეიძლება გადააყოლო გული და ციხის კალენდარზე სევდიან თარიღებს დღითიდღე შლიდე. „შეცდომა ადამიანურია, მიტევება ღვთიური“-ო სადღაც წავიკითხე. მართალიცაა, „რასაც დათესავ იმას მოიმკი“. ჰოდა თუ შეცდომა დავუშვით უნდა დავისაჯოთ კიდეც! ციხის კედლებს მიღმა ტყვეობაში ყოფნა კიდევ არაფერია, მაგრამ თუ ადამიანის სული მისი სხეულის პატიმარია, იქ სხვაგვარადაა საქმე. როგორც არ უნდა ეცადო სული ხორცს სიკვდილამდე ვერ გაეყრება. ის შინაგანი ძალა და ნიჭია, რომ ჩვენს შემოქმედებას ფრთებს ასხამს. სიტყვა, რომ არ გამიგრძელდეს ერთ-ერთ პატიმარ ქალზე უნდა გიამბოთ, რომელსაც უბედურება შეემთხვა და საბედისწერო ღამემ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
* * *
წელიწადის სწორედ ის დრო იყო, როცა ხმელი ფოთლები მიწაზე ესვენნენ და მელოტ ბუნებას სუსხი ნელ-ნელა ეპარებოდა. ცივ ნიავს წვიმიანი ღამის იერი უფრო გაემკაცრებინა. რტოებიც ჩუმად, თითქოს შეუმჩნევლად ცეკვავდნენ ტანგოს. ძაძებში ჩაცმული ღამე მოსთქვამდა და მიწაც წვიმის წვეთებს გულში იკრავდა. დროგამოშვებით ელვის სისწრაფით განათებულ ღამეში ბარბაცით მოსიარულე სილუეტი შესამჩნევად იხრებოდა ხან მარცხნივ ხანაც მარჯვნივ. უკუნს ისეთი პირი უჩანდა თითქოს გათენებას არც აპირებდა. რომ არა ელვა, იმ უცნობის სილუეტის ნახვა შეუძლებელი გახდებოდა. როგორც კი მოკივარი სირენის ხმა გაისმა, ლიანდაგებიც უმალ აკანკალდნენ. ჩაბნელებულ და მიტოვებულ სადგურს ახლა მხოლოდ მოძრავი მატარებლის პროჟექტორი ანათებდა და ისიც ნელ-ნელა სცილდებოდა ნანგრევებს. მატარებელმა სწრაფად და მშვიდობით ჩაუარა სადგურს ისე, რომ სვლა არც კი შეუნელებია. სილუეტი ნელ-ნელა უახლოვდებოდა გოგონას, თუმცა ჩაფიქრებულს არც კი შეუმჩნევია უცნობი მამაკაცი საიდან გაჩნდა მის უკან.
-შენ აქ რა გინდა?! - გოგონას ყურთან მბრძანებლური ტონით კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.
გოგონა უმალ წამოხტა და როცა შემობრუნდა მის წინ სრულიად უცნობი ადამიანი იდგა, ერთდროულად გაოგნებამ და შიშმა ფერმკრთალ სახეზე მიმიკები აუთამაშა. ხმა ვერ ამოიღო. მამაკაციც თვალებმოჭუტული აკვირდებოდა და თავს საეჭვოდ წევდა გოგონასკენ.
-ვინ ხარ?! - როგორღაც აღმოხდა ლინდას.
-შენ აქ რა გინდა?! - გაუმეორა უცნობმა. მის ხმაში თითქოს სინანული და ბრაზი გაერთიანებულიყო.
ლინდამ თვალების ცეცება დაიწყო, გაქცევა უნდოდა, ეს მამაკაცს არ გამოჰპარვია. ხელები მკლავებში ჩაავლო და კითხვას აჩემებასავით უმეორებდა. გოგონა არ პასუხობდა, ის კი დაჟინებით უმზერდა თვალებში და ხელებს მკლავებზე ნელ-ნელა უჭერდა. ლინდამ თავი დახარა და მოდუნდა, როცა უცნობი მიხვდა, რომ გოგონას გული წაუვიდა შეეშვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. როგორცკი მამაკაცმა ყურადღება მოადუნა და შებრუნდა, ლინდა წამოხტა და თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. უცნობი დაედევნა...
-გაჩერდი! ნუ გარბიხარ! - მისდევდა და თან უყვიროდა.
ლინდა კი უკანმოუხედავად გარბოდა, უკუნს ახალი მთვარე ანათებდა ოდნავ. გუბეები კარგად ჩანდა, თუმცა გოგონას ახლა მხოლოდ უცნობი მამაკაცის ჩამოშორება უნდოდა და ტალახშიც კი არ ერიდებოდა სირბილს. როგორღაც ნანგრევებს შეაფარა თავი, ცდილობდა გახშირებული სუნთქვის ხმა არ გაეგო მამაკაცს. გული ამოვარდნას ჰქონდა, რაც მცდელობას ურთულებდა. სველი ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა უახლოვდებოდა, ის კი აკანკალებული, გათოშილ ხელებს ასავსავებდა, შეერთებული ხელისგულები ტუჩებთან მიჰქონდა და უხმაურო ამოსუნთქვით ითბობდა.
-ხომ გითხარი ნუ გარბიხარ-მეთქი?!
-ვინ ხარ და რა გინდა? რას მერჩი? - შიშისგან შეჰკილა ლინდამ და ტირილი დაიწყო.
-რომ გკითხე შენ აქ რა გინდა-მეთქი, რატომ არ მიპასუხე? - გაყინული მზერა ესროლა უცნობმა გოგონას და პასუხის მოლოდინში დაჟინებით ათვალიერებდა.
-შენ რატომ უნდა გითხრა აქ რა მინდა? ვინ ხარ? არ გიცნობ... - ძლივს ამოიკნავლა ლინდამ.
-გიორგი. მე გიორგი მქვია. - ტონი შეარბილა მამაკაცმა.
ამან ცოტა გაათამამა ლინდა და ურჩობა სცადა.
-მერე რას მერჩი?! არ გიცნობ, პირველად გხედავ! - კოპი შეკრა გოგონამ.
-ჰმ! მერე ვინ გითხრა, რომ მე გიცნობ?! - გიორგი ნელი ნაბიჯებით დაიძრა ლინდასკენ.
გოგონამ უკან დაიხია და კედელს აეტმასნა. გიორგი კი ცხვირწინ დაუდგა და თვალებში უყურებდა. ლინდა მიხვდა, რომ მამაკაცს კარგი განზრახვა არ ამოძრავებდა მის მიმართ.
-უკაცრავად! ძალიან ახლოს დგახართ. - თავაზიანად ანიშნა ლინდამ თვალებით.
-მართლა? კიდევ კარგი მითხარი, თორემ ვერ ვამჩნევდი. - ღიმილით უთხრა გიორგიმ.
-უნდა წავიდე!
-ამის უფლება არ მომიცია!
-ვიცი, მაგრამ გვიანია, სახლში ინერვიულებენ. - თავის შეცოდება სცადა ლინდამ.
-კიდევ დიდხანს მოუწევთ ნერვიულობა. - ჩვეული სიმკაცრით უთხრა გიორგიმ.
ლინდამ უკვე აღარ იცოდა რა ექნა, ან რა ეთქვა, რომ უცნობი მამაკაცისგან თავი დაეღწია. ნანობდა, საერთოდ რატომ მოვიდა ამ ადგილას, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. ის ხშირად დადიოდა მიტოვებულ სადგურში. ღამეც ბევრჯერ მოსულა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა.
-ბატონო მართლა უნდა წავიდე. - მუდარასავით აღმოხდა ლინდას.
-ძალიან ლამაზი ხარ, შენი თმები, თვალები....
-რას აკეთებთ?! - საუბარი შეაწყვეტინა ლინდამ და უცნობს მის სახეზე დადებულ მოკეცილ თითზე ხელი ჰკრა.
-როგორ ბედავ?! -კისერში წაავლო ხელი გიორგიმ და თვალები გაუფართოვდა.
-გამიშვი! - ხროტინებდა ლინდა.
სასოწარკვეთისგან გონებადაბინდულმა როგორღაც მოიფიქრა, რომ ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაერტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ლინდას მუხლი მამაკაცს ბარძაყზე მოხვდა, შემდეგ თავის დასაღწევად ხელები მოიშველია და სახე დაუკორტნა, გიორგიმ გინება დაიწყო და სახეზე აიფარა ხელი. ამასობაში ლინდა გაიქცა. გიორგი მალევე „მოეგო გონს“ და გოგონას დაედევნა. მალევე დაეწია, ლინდა არ ემორჩილებოდა, წყლიდან ამოყვანილი თევზივით ფართხალებდა და ყვიროდა, შველს ითხოვდა, თუმცა იქ იმ დროს ვინ იქნებოდა. მამაკაცი ბოროტად აკარკაცდა. მისკენ შემოიბრუნა გოგონა და ღიმილით ჰკითხა.
-ვის ეძახი?
ლინდა უცნობის ძლიერი მკლავებიდან დასახსნელად ბოლო ძალებს იკრებდა, თან ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა.
-ხმა გამეცი, ვის ეძახი, რომ ყვირი? - გაბრაზდა გიორგი.
-მიშველეთ! - ხრინწიანი ხმით, ბოლო ხმაზე ხაოდა ლინდა.
სველ სხეულზე ჭრელი სარაფანი ეკრობოდა და გიორგიც ვნებიან მზერას არ აშორებდა, თან ხელს არ უშვებდა, არ უნდოდა მესამედაც მოეტყუებინა გოგონას და გაქცეულიყო.
-გცივაა? მოდი ჩაგეხუტო - გაიცინა და გოგონა ჩაიკრა.
-შემეშვი?!
-ვიცი შენ რაც გინდა. - ღიმილით უთხრა გიორგიმ და თვალები ვნებიანად მოჭუტა.
-თავი დამანებე ცხოველო! - გაუთავებლად ფართხალებდა ლინდა.
მესამედაც სცადა გაქცევა, თუმცა გუბე შედარებით ღრმა აღმოჩნდა და ფეხი გადაუბრუნდა. გაწუწულს სველი თმა სახეზე ეფინა, გიორგიმაც არ დააყოვნა და სანამ გაიქცეოდა გოგონას ეცა.
-ახლა ვერსად გამექცევი. - ლინდას სახიდან თმები გადაუწია და კოცნა სცადა.
ლინდამ დამტვრეული ქვა აიღო და მამაკაცს რამდენჯერმე მთელი ძალით ჩაარტყა თავში. გოგონამ, როცა მის წინ დასისხლიანებული სახით გათიშული მამაკაცი დაინახა მაშინვე გაიქცა.
კოკისპირულმა წვიმამ გამთენიამდე გასტანა და დილაადრიან როგორც იქნა გადაიღო. სახურავებიდან გამოშვერილი საწვიმარი მილებიდან კი დაგროვილი წყალი მოედინებოდა.
ლინდა განყოფილებაში, დასაკითხ ოთახში მაგიდასთან იჯდა და გამომძიებელს ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მის წინ, მთელ კედელზე შავი შუშა იყო, რომლიდანაც მხოლოდ მის ანარეკლს ხედავდა, დაჟინებულ მზერას მაინც გრძნობდა, თითქოს შუშის მიღმა ვიღაც იდგა და აკვირდებოდა. რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ოთახში მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი შემოვიდა, გოგონას თავაზიანად მიესალმა და მის პარალელურად დაჯდა.
-ალბათ იცი, რომ წუხელ, გვიან ღამით მკვლელობა მოხდა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კი შენ ხარ. - აუხსნა გამომძიებელმა.
ლინდა დუმილს არ არღვევდა. მისი დიდრონი, ნაწვიმარი თვალები გამომძიებლის მიერ შემოტანილ დასთას მისჩერებოდა. ხან მამაკაცს ახედავდა, ხან ისევ დასთას.
-აქ მხოლოდ საქმის ის მასალებია, რომლებიც ამ დროითვის ჩვენთვისაა ცნობილი. - ფურცლებზე მიანიშნა გამომძიებელმა. - მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს, ამაში კი შენი დახმარება გვჭირდება.
გოგონა ისევ ჩუმად იყო, თითქოს შოკირებულს, ზოგჯერ თვალების დახამხამება ავიწყდებოდა და თან შიშისგან კანკალებდა.
-კარგი, დავიწყოთ. - მძიმედ ამოიოხრა მამაკაცმა. - ურთიერთობა, რომ გაგვიმარტივდეს, გეტყვი, რომ მე გამომძიებელი, ნიკოლოზ თარგამაძე ვარ.
ლინდა თითქოს დაიძაბა, არ იცოდა რა ეთქვა, ან რას ჰკითხავდა გამომძიებელი. ახლა ყველაზე მეტად გაქცევა უნდოდა. რაღაც უხილავი ძალა ექაჩებოდა კარისკენ, თვალებიც გაექცა რამდენჯერმე, რაც გამომძიებლის მახვილ მზერას არ გამოჰპარვია.
-აქედან ვერსად გაიქცევი, ამ კარს ან სუფთა ჰაერზე გაყავხარ, ან ციხის გზას უერთდება. - განმარტებასავით მიანიშნა ნიკოლოზმა. - მთავარია ეჭვმიტანილი დამნაშავე არ იყოს, ამას კი ძალიან მალე გავარკვევთ თუ დაგვეხმარები.
-სულაც არ ვფიქრობ გაქცევაზე. - ძლივს ამოილუღლუღა ლინდამ.
-ჰოდა ძლიან კარგი. - გაიღიმა ნიკოლოზმა. - სად იყავი წუხელ დაახლოებით 01:00-დან 03:00 საათამდე? - დაკითხვა დაიწყო გამომძიებელმა.
-მიტოვებულ სადგურზე. - ძლივსგასაგონად წამოსცდა ლინდას.
-ასე გვიან, ახალგაზრდა გოგოს მიტოვებულ სადგურზე რა საქმე ჰქონდა? - დაეჭვდა ნიკოლოზი.
-სახლში ვიკამათე მშობლებთან და მარტო ყოფნა მინდოდა. - აუხსნა გოგონამ.
-და გადაწყვიტე მიტოვებულ სადგურში წასულიყავი, სადაც ადამიანები დღის შუქზეც კი ერიდებიან ახლოს გავლასაც...
-იქ ხშირად დავდივარ, არასოდეს არავის შევუშინებივარ და არც ცუდი მომხდარა რამე.
-სახლიდან რომელ საათზე გახვედი გახსოვს?
-არვიცი, ასე 00:30 საათი იქნებოდა. მშობლებთან კამათის შემდეგ, მათ ეგონათ რომ დასაძინებლად წავედი, მაგრამ როგორცკი ჩემები დაწვნენ სახლიდან გამოვიპარე...
-თუ გინდა ყველაფერი შენით მომიყევი მე, რომ კითხვები არ დავსვა ისედაც ხომ შეგიძლია მითხრა რა მოხდა წუხელ? - შესთავაზა გამომძიებელმა.
-ჩემი სახლიდან სადგურამდე არც ისე შორია - განაგრძო ლინდამ - რა თქმა უნდა ფეხით წამოვედი, წვიმდა... სულ მთლად დავსველდი, მაგრამ სახლში მიბრუნებას ქუჩაში ყოფნა მერჩივნა, თან, როცა ცუდ ხასიათზე ვარ ამ ადგილას ძალიან ხშირად მოვდივარ. ლიანდაგებთან ახლოს დიდი მორია, იქ ჩემი ადგილია, სულ იქ ვჯდები, არც წუხელ დამიშვია გამონაკლისი. ვიჯექი მორზე და ჩემს პრობლემებზე ვფიქრობდი. ელავდა, ახალი მთვარის გამო და ღამე რძისფერზე მუქი იყო. გაელვებას ველოდებოდი, რომ ლიანდაგები ხშირად დამენახა. ჩაფიქრებულმა მატარებელი მაშინ შევამჩნიე, როცა პროჟექტორის შუქმა ლიანდაგები სულ მთლად გაანათა. ვაგონებმა სადგურს მალევე ჩაუარა, არც კი გაჩერებულა. ჭექაქუხილმა ცოტა შემაშინა და როცა გაიელვა მიმოვიხედე, სადღაც სიშორეში სილუეტის მსგავსი დავინახე, თუმცა ვერც ვიფიქრებდი, რომ იქ იმ დროს ადამიანი შეძლებოდა ყოფილიყო. ისევ ლიანდაგებისკენ მოვბრუნდი და ფიქრი განვაგრძე. რამდენიმე წუთში ყურს უკან უხეში ხმა ჩამესმა, ვერც ვიგრძენი როდის მომიახლოვდა უცნობი მამაკაცი, რომელიც დაჟინებით მეკითხებოდა თუ რა მინდოდა იქ. ალკოჰოლის სუნით ყარდა, უცებ წამოვხტი და მისკენ შევბრუნდი. კითხვა რამდენჯერმე გამიმეორა, თუმცა არ ვიცნობდი და არაფერი მითქვამს. შემდეგ მკლავებით დამიჭირა და ხელს არ მიშვებდა, რა მექნა არ ვიცოდი, უცებ მოვიფიქრე, რომ მომეტყუებინა და გავქცეულიყავი. მუხლები მოვკეცე და თვალები დავხუჭე, ალბათ იფიქრა, რომ გული წამივიდა, თუმცა როგორცკი ხელი გამიშვა შეუმჩნევლად გავახილე ცალი თვალი და რომ ვნახე ჩემგან ზურგით იყო წამოვხტი და ნანგრევებისკენ გავიქეცი. ისიც დამედევნა. როცა სადგური ფუნქციონირებდა, მამიდაჩემი ბილეთებს ყიდდა და ხშირად დავდიოდი მასთან. აქედან ვიცოდი, რომ შენობის შიგნით, უკანა მხარეს, სადაც ადრე სეიფი და ბილეთის მანქანა იდო, შორიახლოს ერთი პატარა ოთახი იყო, სწორედ იმ დანგრეულ ოთახს შევაფარე თავი. უცნობის დიდი დრო არ დასჭირვებია ჩემს საპოვნელად. მე შიშისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, ის კი ისევ ერთსა და იმავეს მეკითხებოდა, თუ, რა მინდოდა იქ. მითხრა, რომ გიორგი ერქვა, მე ჩემი სახელი არ მითქვამს, მიახლოვდებოდა, ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდა, მივხვდი, რომ მას კარგი განზრახვა არ ამოძრავებდა ჩემს მიმართ. მისგან თავი, რომ დამეღწია ფეხი დავარტყი, შემდეგ სახე ჩამოვკორტნე, ამან დრო მომაგებინა და გავიქეცი, მაშინვე დამედევნა და მალევე დამიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ირგვლივ არავინ ცხოვრობდა და შესაბამისად ვერც დამეხმარებოდნენ, მაინც ვყვიროდი და დახმარებას ვითხოვდი. ის კი ცინიკურად მეუბნებოდა, რომ ვერავინ დამეხმარებოდა. ბოლო ძალებს ვიკრებდი მისგან თავის დასახსნელად. როცა მივხვდი, რომ არაფერი გამომდიოდა, სანამ მიზანს მიაღწევდა იქვე ქვა ვიპოვე და მთელი ძალით რამდენჯერმე ჩავარტყი თავში. მისი დასისხლიანებული სახე უგონოდ რომ დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მერე რაც მოხდა, ჩემზე კარგად იცით. - გამომძიებელი გაოგნებული უყურებდა ატირებულ გოგონას, რომელმაც ისე ამომწურავად მოყვა ყველაფერი ეგონა ფილმის სიუჟეტს უყვებოდა და არ იცოდა რა ეკითხა.
ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა...
-გამოდის, დანაშაულს აღიარებთ... - ნიკოლოზს ხმაში ჩვეული სიმკაცრე თითქოს შეერბილებინა და მორიდებით, თუმცა დამაჯერებელი ტონით უთხრა ლინდას.
-ბატონო გინდათ აღიარება დაარქვით და გინდათ აღსარება, მე ის მოგიყევით, რაც მოხდა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ან ფაქტები დააკავშიროთ.
-დამიჯერეთ, ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ, გუშინ არ დამიწყია საქმიანობა. - გაბრაზებულმა გამომძიებელმა ირონიულად მიუგო ატირებულ გოგონას.
ნიკოლოზი კარისკენ გაეშურა და სანამ გავიდოდა ლინდამ ყურს უკან სიტყვები დააწია.
-შეეცადეთ პროცედურა დააჩქაროთ. - გოგონამ კარგად იცოდა, რაც ელოდა და არ უნდოდა ის რამდენიმე საათი, რასაც განყოფილებაში გაატარებდა გახანგრძლივებულიყო.
გამომძიებელი შემობრუნდა, ლინდა კიდევ ერთხელ შეათვალიერა და გოგონა უპასუხოდ დატოვა ოთხ კედელში.
* * *
მეძავები, ქურდბაცაცები, ლოთები და მათთან ერთად გატარებული სამოცდა თორმეტი საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში, ლინდასთვის იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ თვალებზე ცრემლები არ შეშრობია.
ცა ისეთი ლურჯი აღარ იყო, როგორც ადრე, არც მზე იყო ოქროსფერი. მოშავო ღრუბლებს დაეფარა რძისფერი დილა, ამინდიც ტიროდა და განიცდიდა ლინდასთან ერთად. გრძელი დერეფნიდან მძიმე ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა უახლოვდებოდა ბოლო საკანს.
-ცაბოლოვი! - სულისშემძვრელმა ცივმა ხმამ შიშის ჟრუანტელი მოჰგვარა ლინდას.
საკანიც გაიღო და ბორკილებმომარჯვებული, მუქ ლურჯ ფორმაში ჩაცმული, სქელი ახმახი გოგონას წინ გაჩნდა. შეხსნილი ქურთუკიდან ჰალსტუხით დაფარულ მოტმასნილ პერანგზე ღილებს შორის ცარიელი ადგილი შესამჩნევი იყო. თითქოს ძლივს სუნთქავდა.
-ხელები! - მკაცრი ტონით ანიშნა.
ლინდამ ხელები გაუწოდა.
-სად მიგყავართ? - მამაკაცის უტიფარმა მზერამ გოგონა უფრო შეაშინა.
-переводят ”на отдых” - ირონიანარევი დამტვრეული რუსულით მიუგო მამაკაცმა და ჩაიხითხითა. შემდეგ გოგონას შეხედა, თითქოს შეებრალაო და უთხრა - ციხეში გადაყავხართ შვილო, მეტი სად?!
ლინდას წარმოუდგენლად მიაჩნდა, როგორ უნდა ეცხოვრა ციხეში, ან რა უნდა ეკეთებინა ამდენი დამნაშავის გვერდით. უამრავი კითხვიდან ერთ-ერთი აარჩია და შეჩერდა. მამაკაცმა გაკვირვებით შეხედა.
-დიდი ხნით მიგყავართ? - დაბნეული, მერე დაფიქრდა, თუ რა სულელური კითხვა დაუსვა პოლიციელს, მან ალბათ არც კი იცოდა საქმის ვითარება.
-ჯერ სასამართლო გაქვს, დღესვე მოგისჯიან ალბათ, ზუსტად არ ვიცი. - მამაკაცმა ლინდას ზურგზე რამდენჯერმე რბილად დაჰკრა ხელი, თითქოს მორიდებით ანიშნა, რომ სიარული გაეგრძელებინა.
ცივი დერეფანი არ სრულდებოდა. ნაბიჯების ექოს ხმა ლინდას გულს უჩქარებდა, ერთი სული ჰქონდა ყველაფერი მალე დასრულებულიყო, იცოდა, რომ მას არავინ გაათავისუფლებდა, თან ჩადენილ დანაშაულს საკუთარ თავს ვერ პატიობდა.
როგორც იქნა კიბეც გამოჩნდა, რომელიც განყოფილების პირველ სართულს სარდაფისგან ჰყოფდა. ჰოლში განლაგებული კაბინეტების გაყოლებაზე ერთ-ერთ კართან დაცვა დაეყენებინათ, რომელიც წელში გამართული იდგა და მხოლოდ თვალებს ახამხამებდა.
-პროკურორი თავისუფალია? - ჰკითხა პოლიციელმა.
-სასამართლოს დარბაზში გაყვა მოსამართლეს. - დინჯად მიუგო დაცვამ.
მამაკაცის ჩქარ ტემპს ლინდა ძლივს უბამდა ნაბიჯებს. ჰოლის ბოლოში შიდა კიბით კიდევ ორი სართული აიარეს. აქაც ვიწრო დერეფანი იყო, როგორც სარდაფში. სასამართლო დარბაზშიც მალევე შევიდნენ. პატიმარი განსასჯელის სკამზე, ადვოკატის გვერდზე დასვეს, რომელიც სახელმწიფომ დაუქირავა. ლინდამ მიიხედ-მოიხედა, თუმცა ოთახში მხოლოდ ის, ვიღაც უცნობი მამაკაცი, ადვოკატი, პროკურორი, ნაცნობი გამომძიებელი და მოსამართლე იყვნენ. კარს მიღმა კი ორი დაცვის პოლიციელი იდგა, რომლებიც შემოსვლისას დაინახა.
-არც ბრალდებულის ახლობლები არიან და არც გარდაცვლილის. - დუმილი დაარღვია პროკურორმა. - რადგანაც ქალბატონი დანაშაულს აღიარებს, მხოლოდ დაზარალებულის ადვოკატი იმყოფება პროცესზე. - პროკურორმა, ფანჯარასთან შეუმჩნევლად მჯდარ შუახნის მამაკაცზე მიანიშნა დარბაზში მყოფები.
ლინდამ პროკურორის მიერ მითითებული ადგილისკენ გაიხედა. შემდეგ გამომძიებელს შეხედა. ამასობაში მოსამართლემ პროცესის დაწყებამდე სიტყვა წარმოსთქვა. გოგონა ფიქრებიდან მოსამართლის „ჩაქუჩის“ შემზარავმა ხმამ გამოარკვია და რეალურ სამყაროს დაუბრუნდა. სასამართლო პროცესი დაიწყო. პროკურორმა ლინდასა და მოსამართლეს შორის არსებული არცისე ახლო მანძილი გადაკვეთა და ზუსტად შუა ხაზზე დადგა, თითქოს გამოთვლილი ჰქონდა.
-ქალბატონმა აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა, თუმცა თუ ბრალდების მხარეს კითხვები აქვს, შეუძლია დაუსვას. - პროკურორმა შეკრებილ საზოგადოებას საქმის ვითარება გააცნო. - თუმცა მანამდე ჯერ ბრალდებულმა თავად მოყვეს, რა მოხდა შემთხვევის ღამეს.
ლინდას აღარ უნდოდა იმ ყველაფრის გახსენება და ისევ თავიდან მოყოლა. არც ის იცოდა როგორ დაეწყო და შეშინებული დუმილს არ არღვევდა.
-ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ლინდა ცაბოლოვმა უკვე მისცა ჩვენება, სადაც დანაშაულს აღიარებს, რომ მან აფექტის მდგომარეობაში თავდაცვის მიზნით ბლაგვი საგნით, კერძოდ ქვით, თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ვინმე, გიორგი ასათიანს, რომლის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.
ეთანხმებით თქვენი ადვოკატის განმარტებას? - პროკურორი თითქოს ლინდას ალაპარაკებას ცდილობდა.
-დიახ, ვეთანხმები. - ძლივს ამოილუღლუღა ლინდამ. - გარდაცვლილი ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა, არ ვიცოდი რა მექნა და თავში ქვა ჩავარტყი. მისი მოკვლა არც მიფიქრია, უბრალოდ მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი.
-თუმცა თქვენ გაუპატიურების კვალი არ გეტყობათ! - უცხო ხმამ სიტყვა გააწყვეტინა ლინდას.
-ვაპროტესტებ თქვენო ღირსებავ, ბრალდებულს ლაპარაკი არ დაუსრულებია, გარდაცვლილის ადვოკატი ჩემი კლიენტის დაბნევას ცდილობს. - მოსამართლეს მიმართა ლინდას ადვოკატმა.
-პროტესტი მიღებულია! განაგრძეთ! - მკაცრად მიუთითა მოსამართლემ.
-მე სათქმელი არაფერი მაქვს. - თავჩაქინდრული გოგონა ახლა მხოლოდ განაჩენის მოლოდინში იყო.
-კითხვები არც მე მაქვს. - მხრები აიჩეჩა პროკურორმა და სათვალის ზემოდან ლინდას შეხედა. - თქვენო ღირსებავ თქვენის ნებართვით სიტყვას გარდაცვლილის ადვოკატს გადავცემ.
მოსამართლემ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და ფანჯარასთან მჯდომ მამაკაცსს შეხედა.
-ბატონო პროკურორო, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილი მის გაუპატიურებას ცდილობდა და მან თავდაცვის მიზნით მკვლელობა ჩაიდინა. მე თან მაქვს ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის სხეულზე ძალადობის კვალი არ არსებობს. - დასთიდან ერთ-ერთი ფურცელი გამოაცურა ადვოკატმა და პროკურორს გაუწოდა.
-აბა სხვა რა მიზანი უნდა მქონოდა, მე მას საერთოდ არ ვიცნობდი. - აღელვებულმა ლინდამ თავი ვერ შეიკავა.
-თქვენს ნათქვამში ძალიან ბევრი უზუსტობაა ქალბატონო! - გაბრაზდა ადვოკატი. - როგორ შეიძლება ადამიანი თქვენს გაუპატიურებას ცდილობდა და ამ დროს თქვენს სხეულზე კვალი არ დაეტოვებინა?!
-სიჩუმე! - ჩაქუჩი მაგიდაზე რამდენჯერმე დააკაკუნა მოსამართლემ. - განაგრძეთ ადვოკატო!
-მოვითხოვ მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ეს ქალბატონი! - სიტყვა დაასრულა ადვოკატმა და მის ადგილს დაუბრუნდა.
-რამეს ხომ არ დაამატებდით? - ახლა უკვე ლინდას ადვოკატს მიმართა პროკურორმა.
-ვიმეორებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, მან მის მიერ მიცემულ წერილობით ჩვენებასაც მოაწერა ხელი, სადაც აღნიშნავს, რომ მამაკაცი, რომელიც მის გაუპატიურებას ცდილობდა თავდაცვის მიზნით მოკლა. გთხოვთ ეს ფაქტები განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინოთ თქვენო ღირსებავ.
-ამ ფურცელზე ექსპერტიზის პასუხია, რომელშიც დაზარალებულის ადვოკატის მიერ ნათქვამი დასტურდება, შესაბამისად ბრალდებულის ჩვენება ან არასრულია, ან რამდენიმე ნაწილში ის ცრუობს. - განმარტა პროკურორმა და ფურცელი მოსამართლეს გადასცა.
-მე მხოლოდ ის გითხარით, რაც სინამდვილეში მოხდა, ცრუ ჩვენება არ მიმიცია პროკურორო. - ხმა აუკანკალდა ლინდას.
-როგორც უკვე ავღნიშნე, თქვენ გაუპატიურების კვალი არ გეტყობათ ქალბატონო! - პროკურორმა სათვალე მოიხსნა და მრისხანედ შეხედა ლინდას.
-მე მხოლოდ სიმაღტლე მოვყევი თქვენო ღირსებავ, სხვა გზა არ მქონდა, თავს ვიცავდი.. - პროკურორის დარწმუნება, რომ ვერ შეძლო ახლა უკვე მოსამართლეს მიუბრუნდა ლინდა.
-გრცხვენოდეთ! ადამიანი მოკალით, თქვენ კი უტიფრად, არგუმენტის გარეშე იმართლებთ თავს. - წამოენთო გარდაცვლილის ადვოკატი.
-სიჩუმე! სიჩუმე! – მოსამართლე მაგიდაზე „ჩაქუჩის“ რამდენჯერმე დარტყმის შემდეგ წამოდგა. - განაჩენს ერთ საათში გამოვაცხადებ!
ორი საფეხურით ამაღლებული „სცენიდან“ ჩამოვიდა და დარბაზი დატოვა მოსამართლემ.
ატირებული ლინდა ხან გამომძიებელს შეხედავდა ხანაც მოსამართლეს.
-ნუ ნერვიულობ, სამართალი აუცილებლად იზეიმებს, ნუ ტირი. - ამშვიდებდა ადვოკატი
-თქვენ რა ადამიანი ხართ?! ადამიანს კლავთ და შემდეგ ცილსაც სწამებთ! თუ იტირებთ გგონიათ დარბაზიდანვე გაგათავისუფლებენ?! - გარდაცვლილის ადვოკატი ლინდას მოუახლოვდა და თვალებმოჭუტულმა გოგონას გალანძღვა განაგრძო. - როგორ შეგიძლიათ ორი შვილის მამა და კეთილშობილი ადამიანი, რომლის მკვლელობასაც აღიარებთ, ურცხვად დაადანაშაულოთ?!
-საკმარისია! ჩემს კლიენტს მოშორდით და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ნუ ახდენთ! - ლინდას ადვოკატი წამოდგა და გოგონას გადაეფარა. - ყველაფერს მაინც მოსამართლე გადაწყვეტს და იმედი მაქვს სამართლიანად! რა აზრი აქვს, რომ დამდგარხართ და საბრალო გოგონას კიცხავთ?! თქვენს ჭაღარას მაინც ეცით პატივი!
-სამართალმა იზეიმოს და ჭაღარის პატივისცემას ვინ ჩივის ბატონო ადვოკატო! - ცინიკურად აღნიშნა მამაკაცმა.
-თუ შეიძლება დამშვიდდით, ერთი საათის განმავლობაში ასე ხომ არ უნდა იკამათოთ?! - კამათში ჩაერთო პროკურორი.
ლინდა გაუთავებლად ტიროდა. მოსამართლის მოლოდინში გატარებული ის ერთი საათი მთელ ცხოვრებად მოეჩვენა. ადვოკატი გვერდიდან არ შორდებოდა და ამშვიდებდა. როგორც იქნა მოსამართლეც გამოჩნდა და პროკურორმა განაჩენის მოსასმენად ორივე მხარეს მოუხმო.
-ძალიან ბევრი ვიფიქრეთ განაჩენის სიმძიმესთან დაკავშირებით, გადავხედეთ საქმეში არსებულ ყველა მასალას, გამოიკვეთა ახალი გარემოებები. - დარბაზში მყოფთ გადახედა მოსამართლემ და განაჩენის კითხვა დაიწყო. – 1990 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, ლინდა ცაბოლოვს ბრალი ედება 1984 წელს დაბადებული ასევე, საქართველოს მოქალაქე, გიორგი ასათიანის მკვლელობაში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს განზრახ მკვლელობას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 13-დან 17 წლამდე. აღიარებითი ჩვენების გათვალისწინებით, ბრალდებულს სასჯელი შეუმცირდება ერთი წლით. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, ლინდა ცაბოლოვს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით.
მოსამართლის მიერ მაგიდაზე „ჩაქუჩის“ ერთმა დარტმამ ლინდას ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. განაჩენი ბოლომდე არც მოუსმენია, ხმები თითქოს შორიდან, ყრუდ ესმოდა, წარმოსახვა გააღვიძა და აცრემლებულმა უმალ წარმოიდგინა ბნელი და გაყინული საკანი, სადაც მხოლოდ ერთი საწოლი იდგა. უფანჯრო საკანი მიწის სიღრმეში...
ლინდა დაცვის თანხლებით გაიყვანეს სასამართლო დარბაზიდან, რამდენიმე წუთში მას ქალთა კოლონიაში გადაიყვანდნენ. ზუსტად სამი დღე იყო გასული, რაც დღის შუქზე არ გასულა. ახლა მხოლოდ ისღა ახარებდა, რომ მონატრებულ ოქროსფერ არეს შეერწყმებოდა მისი მზერა და წითელ-ყვითელ ფოთლებს დაიფენდა მხრებზე. იმედი ჰქონდა რომ ცა ისევ ლურჯი იქნებოდა და მზის სხივები დასერილ სულს ოდნავ მაინც გაუთბობდა.
გოგონას დღეს არ უმართლებდა... ჯერ იყო და მოსამართლემ განზრახ მკვლელობის მუხლი შეუფარდა, ახლა კი ის უკანასკნელი იმედიც გაუცრუვდა, რომლითაც ცოტათი მაინც დამშვიდდებოდა. როცა განყოფილებიდან გამოიყვანეს რუხმა ამინდმა თითქოს უფრო შეაშინა, გრძნობები გაუმძაფრა... დაულაგებელ გარემოში ნაწვიმარ ფილაქნებზე სველი ფოთლები ეკრო, გარემოს გამელოტება უკვე შესტყობოდა. შემოდგომის ქუჩებისთვის ამინდს თითქოს სუსხის ბორკილები დაედო. ეზოში, შენობისგან ოდნავ მოშორებით თეთრი სამარშრუტო ტაქსი იდგა, რომლის უკანა ფანჯრებზეც ვერცხლისფერი გისოსები მიემაგრებინათ. ქალაქიდან გასვლას დიდი დრო არ დასჭირვებია, დაახლოებით ერთ საათში ის უკვე ქალთა კოლონიაში იყო.
ლინდა ნაცნობმა დაცვამ მანქანიდან გადმოიყვანა და ციხის თანამშრომელს „ჩააბარა“, რომელსაც შავი ფორმა ეცვა. ვიწრო შარვალში სქელი პერანგი ისე ჩაეტანებინა, რომ ქამარი შესამჩნევი ყოფილიყო, შეხსნილი ჟაკეტიდან კარგად ჩანდა მკერდზე მიკერილი ნაცრისფერი ნაჭერი, რომელზეც რაღაც გაურკვეველი ინგლისური სიტყვა შავად ამოექარგათ. ბადრაგმა გოგონას ბორკილებდადებულ მაჯას შეხედა, შემდეგ ხელკავი გაუყარა და თავის წინ გაწევით მიანიშნა თუ რა მიმართულებით უნდა წასულიყო.
ციხის ეზოდან რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ, შენობაში შევიდნენ. გრძელი და ცივი დერეფანი გისოსის ოთხი კედლით დაეყოთ, რომელიც სივრცეს თარაზულად კვეთდა. ლინდა ზანტად მიაბიჯებდა, ბადრაგიც თითქოს ემორჩილებოდა და ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ პირველი გისოსიანი კედლის კარს. თითოეულ კართან თითო ბადრაგი დაეყენებინათ. ქალბატონმა გოგონას უმწეობა და ნაწვიმარი თვალები რომ დაინახა, შეებრალა.
-მალე მიეჩვევი, არ გაგიჭირდება. - დაამშვიდა და მკლავებში გაყრილი ხელი მოაშორა, თითქოს უკვე „სამშვიდობოს“ იყვნენ.
ლინდას ხმა არ ამოუღია, ან რა უნდა ეთქვა?! ახლა მხოლოდ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა უნდოდა. როცა უკვე დერეფანი გაიარეს, მარჯვნივ გადაუხვიეს და უზარმაზარ სამ სართულიან დარბაზში მოხვდნენ, რომლის მეორე და მესამე სართულის კვადრატულ კედლებზეც საკნები განელაგებინათ, სხვა სივრცე კი სხვენამდე თავისუფალი იყო. კელებზე მოაჯირიანი რკინის შიდა კიბეებით დარბაზი იმ ორ სართულს უერთდებოდა.
-ჩვენ ქვედა სართულზე უნდა ჩავიდეთ, აქ მხოლოდ ის პატიმრები არიან, რომლებიც შედარებით მსუბუქი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს. - აუხსნა ბადრაგმა.
-ყველას თავისი საკანი აქვს? - ხმა გაებზარა ლინდას.
-ერთ საკანში რამდენიმე პატიმარია, თუმცა არიან ისეთი მსჯავრდებულებიც, რომლებსაც ცალკე საკანი აქვთ, ისინი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის გაასამართლეს.
-მე სად უნდა წამიყვანოთ? - შეშინებულმა მზერა გაუსწორა ქალბატონს.
-წამოდი, ჩვენ ერთი სართულით დაბლა უნდა ჩავიდეთ. - ბადრაგმა გოგონას მკლავზე ხელი მოჰკიდა და მეორე გასასვლელისკენ წაიყვანა.
ლინდა უფრო დაიძაბა და ნაბიჯს აუჩქარა. დამნაშვეების გარემოში 16 წელი უნდა ეცხოვრა და ეს ახლა ყველაზე მეტად აღელვებდა. კიბე ჩაიარეს და ისევ გრძელ დერეფანში მოხვდნენ, რომელიც ნახევრად ჩაბნელებული იყო. მხოლოდ რამდენიმე მოგრძო თეთრი ნათურა ანათებდა იქაურობას. ეს ყველაზე ამაზრზენი ადგილი იყო რაც კი აქამდე ენახა. თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მთავარი გმირი ეგონა. დერეფნის ბოლოში ხელმარცხნივ მუქ ნაცრისფერ კართან შეჩერდნენ, რომლის შუაგულიც მართკუთხედის ფორმით ვიწროდ ამოეჭრათ და ცარიელი სივრცე გისოსებით შეევსოთ. ბადრაგმა კარი გააღო, გოგონას ხელბორკილი მოხსნა და ნაღვლიანი მზერით შეაცილა საკანში.
-სამწუხაროდ მარტო მოგიწევს ყოფნა. - სევდანარევი ტონით აცნობა ბადრაგმა. - მე ყოველ მეორე დღეს ვმორიგეობ, თუ რამე დაგჭირდა შეძლებისდაგვარად ყველაფერში დაგეხმარები. - ქალბატონმა ლინდას თბილად გაუღიმა და საკნიდან გავიდა.
-უკაცრავად. - ბადრაგი მორიდებით შეაჩერა გოგონამ ვიდრე კარს გაიხურავდა. - ამ სართულზე სხვა პატიმრებიც არიან?
-მხოლოდ რამდენიმე საკანია დაკავებული. - მოკლედ უპასუხა და კარი გაიჯახუნა.
ლინდასთვის ყველაზე რთული იყო შეზღუდული თავისუფლებით ოთხ კედელში დარჩენა ოჯახისა და საყვარელი ადამიანების გარეშე. რთული, თუმცა რეალური. ყველამ ზურგი აქცია. მისმა დიდმა სიყვარულმაც კი, რომლის დასაცავადაც მშობლებს დაუპირისპირდა და, რომელიც იყო მიზეზი იმ ავბედით ღამეს გოგონას სახლიდან გაპარვისა, რის გამოც ოჯახს პირობა წაუყენა, რომ თუ მას სიყვარულს დაუშლიდნენ ის ან სახლიდან წავიდოდა, ან თავს არ იცოცხლებდა. ლინდა ფიქრობდა, რომ მისმა პატიმრობამ ოჯახსაც მოსწყვიტა და სულიერად იმდენად გაანადგურა, რომ მიცვალებულს არაფრით სჯობდა. ალბათ მაშინ ვერც იფიქრებდა, თუ მის მიერ წარმოთქმული სიტყვები ასე მარტივად შესრულდებოდა.
ქვის კედელზე, ჭერთან ახლოს მართკუთხა ფანჯარა იყო, რომლის ვიწრო გისოსებიდანაც მხოლოდ ცა და ეკლესიის ის ნაწილი ჩანდა, სადაც სამრეკლო იყო განთავსებული. ოთახის სამხრეთით რკინის საწოლი დაედგათ, რომელზეც გახუნებული, თხელი ქვეშაგები ელაგა. საწოლის კიდეზე, ბალიშზე, საბანი და პლედი იყო დაკეცილი. საწოლზე ჩამოჯდა, თავი ოდნავ მარჯვნივ გადასწია და გაურკვეველ სივრცეს გაშეშებული თვალებით მზერა შეუერთა.
თექვსმეტი წელი... ეს ძალიან დიდი დროა ციხეში ახალგაზრდობის გასალევად. ლინდა ჯერ მხოლოდ 24 წლის იყო და ალბათ ეს დრო მას მთელ ცხოვრებად ეჩვენებოდა. რა უნდა აკეთო იქ სადაც მხოლოდ დამნაშვეები და სამართალდამცველები არიან, შენ კი შემთხვევის მსხვერპლმა პასუხი უნდა აგო დანაშულისთვის, რომელიც თვითგადარჩენის ინსტიქტმა ჩაგადენინა და რომ შენი სიტყვების სიწმინდეში ვერც პროკურორი და ვერც მოსამართლე დააჯერე. ამას ისევ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა არჩია.
საკუთარი სურვილით ლინდა გარესამყაროს მოსწყდა და მთელ დროს საკანში ატარებდა. თვეები გარბოდა, მის სანახავად კი არავინ მოდიოდა, ამან უფრო დათრგუნა და საკუთარ თავში ჩაკეტა. რამდენჯერაც ბადრაგი საჭმელს მოუტანდა, გოგონა ხან ფეხმორთხმით იჯდა, ან ემბრიონის ფორმით იწვა საწოლზე, ხან საკნის შუაგულიდან ფანჯარაში ამღვრეული თვალებითა და სევდიან სახით იყურებოდა, თან სამრეკლოდან გამოსული ზარების ხმას სიამოვნებით უსმენდა.
ორ წელზე მეტი გავიდა, ლინდას ყოველდღიურობა კი არ იცვლებოდა. თავისთვის იყო, ხმასაც არ იღებდა. ციხის ადმინისტრაციამ ვერ გადაწყვიტა როგორ მოქცეულიყვნენ. ერთ დილასაც ლინდას საჭმელი და წყალი ნაცნობმა ბადრაგმა მოუტანა, რომელსაც გოგონასთან დალაპარაკება უნდოდა.
-დილამშვიდობისა!
ნაცნობმა ხმამ ლინდა ფანჯარას მოსწყვიტა და კარისკენ შემობრუნდა. ერთხანს უყურა, შემდეგ კი ისევ ფანჯრისკენ დააპირა შებრუნება.
-გინდა დავილაპარაკოთ? - საუბარი განაგრძო ქალმა.
გოგონა შეყოვნდა, შემდეგ ისევ კარისკენ შემობრუნდა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ბადრაგს.
-ორი წელი გავიდა... - ხმადაბლა აღნიშნა გოგონამ. - ჩემი ყოველდღიურობა არ არის საინტერესო და არამგონია სხვა რამეზეც ღირდეს ლაპარაკი.
- მე მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა მაქვს, თუ გინდათ მიპასუხეთ, თუ არა და არ დაგაძალებთ... - შესთავაზა ქალმა.
-ერთადერთხელ ვუპასუხე კითხვას დაწვრილებით, ისე, რომ სხვა კითხვა არ გასჩენია არავის, თუმცა ვერც ამან მიშველა, ვერ დაარწმუნა ვერავინ, რომ მე ცივსისხლიანი მკვლელი კი არა მსხვერპლი ვარ, რომელმაც მხოლოდ თავი დაიცვა. - ლინდას ტონი შეეცვალა და ხმაშიც ხრინწი შეეპარა. - ვერავინ, ვერავინ ვერ მიხვდება რა ხდება აქ! - წელში ოდნავ მოხრილმა საჩვენებელი თითი მარცხენა მხარეს მკერდს ზემოთ დაიდო და ბადრაგს გაფართოებული აცრემლებული თვალები მიანათა.
-მესმის თქვენი, მაგრამ ამდენი ხანი გარესამყაროსგან მოწყვეტით ყოფნა რთულია, ჯერ მხოლოდ 2 წელი გავიდა თქვენ კი ასე თუ გააგრძელეთ ფსიქიატრიულში მოხვდებით. - თითქოს გაგებით მოეკიდა ბადრაგი გოგონას მდგომარეობას, თუმცა მის ტონში ახლა მუქარაზე მეტად გაფრთხილება იგრძნობოდა.
-ასე ვიქნები მანამ, სანამ ოჯახსა და საყვარელ ადამიანს არ დავიბრუნებ. - მკაცრად მიუგო ლინდამ.
ერთხანს ორივენი ჩუმად იდგნენ, შემდეგ ქალბატონს თითქოს გონება გაუნათდაო, მომღიმარმა გოგონას შეხედა.
-ჩვენ მოძღვარიც გვყავს.
ლინდა ჩაფიქრდა. არ იყო დარწმუნებული ახლა უფალთან შუამავალი სჭირდებოდა თუ არა, თუმცა მაინც უნდოდა დამლაპარაკებელი, რომელიც გაუგებდა და მასთან დიდ დროს გაატარებდა.
-მოძღვართან მინდა შეხვედრა... - გადაჭრით უთხრა გოგონამ.
ბადრაგი მისგან ასეთ პასუხს არ ელოდა და ცოტა დაიბნა. მის პრაქტიკაში ლინდასნაირი პატიმარი პირველი შემთხვევა იყო და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო ან როდის რა ეთქვა.
-ციხის ადმინისტრაციასთან მოვაგვარებ და აუცილებლად შეგახვედრებ. - პირობა მისცა ქალმა.
ლინდა ისევ საკნის შუაგულში დადგა და ფანჯარაში განაგრძო ყურება. ახლა იმ ბოლო იმედის მოლოდინში იყო, რომელიც ერთადერთ და ალბათ უკანასკნელ სურვილს შეუსრულებდა. ეზოდან შემოსული ხმაური ფიქრის საშუალებას არ იძლეოდა. დღემ მალე ჩაიარა. ღამე ისეთი ბნელი აღარ იყო, როგორც წინა დღეებში. საკნის ფანჯრიდან მთვარის შუქი შემოდიოდა, იატაკის შუაგულში მართკუთხა რძისფერი ფორმა ოთხი შავი ზოლით იკვეთებოდა. რამდენიმე დღეში მასთან მოძღვარი მოვიდა.
საკნის კარის ხმაურიანმა გაღებამ ლინდას ყურადღება გაუფანტა და კარს შეხედა, ზღურბლზე მაღალი, თხელი, შავ ანაფორაში ჩაცმული წვერებიანი მამაკაცი იდგა, რომელის ზღვისფერი თვალებიც სათნო სახეზე უფრო მშვიდ იერს სძენდა. შევერცხლილი თმა უკან გადაევარცხნა და შეეკრა. მოძღვარმა წვერებს ხელი შეავლო, შემდეგ გულზე დაკიდებული ჯვარი ხელისგულში მოიქცია და ლინდასკენ დაიძრა.
-უფალმა დაგლოცოს, გაგახაროს და გაგაძლიეროს... - მოძღვარმა არაამქვეყნიური ხმით დალოცა გოგონა.
ლინდა წამოდგა და ჯვარს ემთხვია, შემდეგ ნაცნობ ბადრაგს გახედა და პირობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
-მამა დავითი შენს დასახმარებლად მოვიდა. - გაუღიმა ბადრაგმა. - მე წავალ, მარტო დაგტოვებთ. - თქვა და კარი გაიხურა. - ერთი საათი გაქვთ მამაო. - მორიდებით დაუბარა ქალმა.
-დროებით. - დაემშვიდობა მოძღვარი.
ლინდა ისევ მის ადგილს დაუბრუნდა, საწოლზე ჩამოჯდა, მოძღვარმა მაგიდაში შედგმული სკამი გამოსწია და გოგონას წინ დაჯდა.
-შენს საქმეს გავეცანი, იურისტი არ ვარ, მე მხოლოდ მოძღვარი ვარ, რომელსაც შენი ამბის გაგების შემდეგ დახმარების სურვილი გაუჩნდა. - ღიმილით უთხრა მოძღვარმა.
-მამაო, მე ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი. რაც მოხდა მხოლოდ თავდაცვის მიზნით ჩავიდინე, მე ის განზრახული არ მქონია. - ხმადაბლა აუხსნა ლინდამ და მუდარანარევი, მართალი თვალებით შეხედა.
-მესმის შვილო. - თავი დახარა მოძღვარმა. - შეეცადე ცუდზე ნაკლები იფიქრო და საკუთარ თავთანაც მარტო დარჩენას გამუდმებად ნუ აქცევ.
-აბა რა ვქნა მამაო? არავისთან საუბრის სურვილი არ მაქვს, მარტო უფრო კარგად ვგრძნობ თავს. - ფანჯარას გახედა ლინდამ. - აი, ხედავთ ამ სარკმლიდან რა ლამაზად ჩანს ცაში ატყორცნილი გუმბათი? - ლინდამ ფანჯარისკენ გაიშვირა თითი.
მოძღვარმა ფანჯარას გახედა და გაიღიმა.
-შენ იცი რა ლამაზია ციხის ეზოში გარიყულად მდგარი ეკლესია? - ისევ გოგონას შეხედა და ლაპარაკი განაგრძო. - ეს სამრეკლო მხოლოდ მისი ნაწილია და როგორ მოგწონს, წარმოიდგინე ეზოში, რომ გახვალ და ეკლესიას დაინახავ რა დაგემართება. შეხვალ, ილოცებ, ახალ ადამიანებს გაიცნობ.
-სულ ტყუილად მაიმედებთ მამაო, მე ლოცვაც კი ვერ გადამარჩენს. - მოძღვარს საუბარი შეაწყვეტინა ლინდამ.
-შენ რწმენა გაკლია შვილო ჩემო. რწმენის გარეშე კი ადამიანის არსებობა აზრს კარგავს. - აუხსნა მოძღვარმა. - წმინდა თომა მოციქულის შესახებ გაგიგონია?
-არა..
-წმინდა თომას ასევე ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც მას არ სჯეროდა ქრისტეს ხორცით აღდგომა. რაც ხელით განიხილა აღმდგარი ქრისტეს ჭრილობები მხოლოდ მაშინ იწამა ქრისტეს აღდგომა. სასწაულია, მაგრამ ღვთის განგებით იდენტური შემთხვევა მოხდა როცა ღვთისმშობელმა მარიამმა მიიძინა. იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარებას ინდოეთში ქადაგებდა, ქრისტეს ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ ზეცად იქნა აღტაცებული და გადმოყვანილნი იყვნენ „გეთსიმანიის ბაღში“ სადაც განისვენებდა ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული - მარიამი. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი სხვა მოციქულთა მსგავსად აღტაცებულ იქნა ზეცად და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის დაკრძალვას. ის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მასაც ენახა უკანასკნელად მისი ყოვლადპატიოსანი სხეული და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ, როდესაც საფლავი გახსნეს, საფლავი ცარიელი დახვდათ იქ მხოლოდ ღვთისმშობლის მოსასხამი იყო დარჩენილი. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღსდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად.
ლინდა ყურადღებით უსმენდა მოძღვარს და რაღაც უხილავი ძალა დადიოდა მის სხეულში, თითქოს ჟრუანტელსაც კი ჰგვრიდა ეს განცდა.
-მამაო, თქვენთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. - მორიდებით უთხრა ლინდამ.
-გისმენ შვილო...
-ტილო და ფუნჯები მინდა, შეგიძლიათ ციხის ადმინისტრაციასთან მიშუამდგომლოთ?
გოგონას ხმაში იმდენად დიდი სევდა იგრძნობოდა, მამა დავითი ალბათ შეუძლებელსაც კი შეძლებდა მისი თხოვნის შესასრულებლად.
-შევეცდები, არამგონია უარი მითხრან. მანამდე კი ეს ლოცვები წაიკითხე. - უთხრა და პატარა წიგნაკი გამოართვა.
-უნდა წახვიდეთ? - ლოცვანი გამოართვა და რაღაცნაირად მოიწყინა ლინდამ.
-საუბარში დრო ძალიან მალე გადის, მე არსად მეჩქარება, მაგრამ აქაურ წესებს უნდა დავემორჩილოთ. ხშირად მოვალ... - იმედიანად გაუღიმა მოძღვარმა, წამოდგა და კარისკენ წავიდა.
რამდენიმე დაბრახუნების შემდეგ ბადრაგმა საკნის კარი გააღო, მოძღვარი ლინდასკენ შემობრუნდა და სანამ კარი დაიკეტებოდა, გულს დაკიდული ჯვრით გოგონას პირჯვარი გარდასახა.
ამბობენ იმედი ბოლოს კვდებაო... ლინდაც სწორედ ამ იმედით ელოდა მოძღვარს, რომელიც ფუნჯებით, იღლიაში ტილოებამოჩრილი ისევ შემოანათებდა ცივ საკანში და მისი თბილი, არაამქვეყნიური ხმით ახარებდა, რომ შეეძლო გაუთავებლად ეხატა.
ფიქრებაშლილმა გოგონამ ფანჯარაში გაიხედა და მის წინ ულამაზესი პეიზაჟი გადაიშალა: სამრეკლოს გუმბათი მეწამულ ცას შეერთებოდა, თითქოს რამდენიმე წუთიღა რჩებოდა შეღამებამდე. ლინდამ წარმოიდგინა თუ, როგორ გადაჰქონდა ტილოზე ეს მშვენიერება. წარმოიდგინა, ალერსაწყვეტილი ფუნჯები მის საღებავებით დალაქავებულ თითებში, რომლებიც ფერებარეულ კვალს ტოვებდნენ ტილოზე. რა საოცარია ქაოტური განცდა მხატვრისა, ფიქრი და ოცნება ყველაფერზე: ზამთრის შევერცხლილი და გაზაფხულის კვირტებაფეთქებული პეიზაჟები; ნატურმორტები გაშეშებული ნივთებისა; პორტრეტებში კონტურებით გამოკვეთილი სევდიანი, ნაწვიმარი თვალები; და ამ ყველაფრის შემდეგ შედევრის აღქმისას ჟრუანტელად დავლილი სიამე... მართლაც საოცარია განცდა, რომელიც ყველა სიტყვაზე მეტია, რომლითაც ადამიანი ფრთებშესხმულ შემოქმედს ემსგავსება, რომლისთვისაც არსად არ გადის ზღვარი, რომლის ფანტაზიასაც არ გააჩნია ჩარჩოები და ყველა დეტალს მაშინ ენიჭება უპირატესობა, როცა სულით ცას ერწყმის, ხორცით კი მიწას.
ოცნებებში ჩაკარგულმა ვერც შეამჩნია როდის დაღამდა. ახლა ყველაზე მეტად ელოდა განთიადს, ყველაზე მეტად უნდოდა, მამა დავითის დანახვა. ოთახში არ ციოდა, თუმცა საკნის ინტერიერი იმდენად მძაფრი იყო, რომ ლინდას სული გაუყინა. რუხი, საღებავაცვენილი რკინის საწოლიც თითქოს გოგონას ელოდა. ლინდა წამოწვა და სევდიანმა მზერამ ისევ გაურკვეველი სივრცე დაჭირა. პირაღმა მწოლიარე თავქვე იდაყვამოლაგებული ფიქრობდა ეთქვა თუ არა მოძღვართან მისი დიდი სიყვარულის შესახებ. მალევე ჩაეძინა...
აპრილმა თავისი ქნა და თებერვლისეულ გრძელ ღამეს დრო შუუცვალა. ახლა ადრინდელზე მალე თენდებოდა, მზეც ხან იყო, ხან არა. გისოსით დასერილ საკნის სარკმელს ზოგჯერ გრილი ნიავი ეფინებოდა. ლინდასი არ იყოს, ამჯერად, ამინდსაც იმედიანი იერი ჰქონდა, თითქოს წვიმას საერთოდაც არ აპირებდა, მაგრამ რას გაუგებ გაზაფხულს, ვინ იცის, როდის, რა მოუვლის?!.
ციხის დერეფანში რამდენიმე ნაბიჯის ხმის ექო ისმოდა. საკნის კარიც ხმაურით გაიღო. ოთახში ნაცნობი ბადრაგი შემოვიდა და გოგონას გაუღიმა.
-მამა დავითი მოვიდა. - კარი უფრო ფართედ გააღო, ოდნავ გაიწია და მოძღვარს გზა დაუთმო. - შენი თხოვნა ციხის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა, ხვალ მიიღებ ამანათს. - აცნობა ბადრაგმა.
გოგონას თვალები გაუბრწყინდა, ფერმკრთალ სახეზე ღიმილი გადაეფინა. მოძღვარს შეეგება, მადლობის ნიშნად მაჯაზე ეამბორა და ფერმკრთალ სახეზე ღიმილი გადაეფინა. ახლა ყველაზე და ყველაფერზე მეტად გამართლებული იმედი ახარებდა, ვერ იჯერებდა, რომ რამდენიმე საათში ოცნებებს ფრთებს შეასხამდა და ტილოზე გადაიტანდა.
-მამაო, არც კი ვიცი მადლობა, როგორ გადაგიხადოთ... - დაბნეულობისა და აღელვებისგან თითქოს ხმა წაერთვა ლინდას.
-მე დაგტოვებთ, ამჯერად დრო განსაზღვრული არ არის. - აუხსნა ბადრაგმა და გასასვლელად კარისკენ შებრუნდა. - აქვე, შორიახლოს ვიქნები, როცა ლაპარაკს მორჩებით მანიშნეთ. - დაუბარა მოძღვარს და კარი გაიხურა. სანამ გავიდოდა, მოძღვარმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და დალოცა.
მამა დავითი და ლინდა დიდხანს საუბრობდნენ. გოგონამ, იმ ღამის შესახებ, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
-სახლიდან რატომ გამოიპარე? - მშობლებთან კამათის მიზეზით დაინტერესდა მოძღვარი.
-ოჯახი ვერ გუობდა ჩემს სიყვარულს. არ უნდოდათ მათი ერთადერთი ქალიშვილი ვიღაც უსაქმურისთვის დაეთმოთ. - ხმაში ბზარი გაუჩნდა ლინდას. მისი ცხოვრების ყველაზე სევდიან ნაწილზე პირველად ლაპარაკობდა „უცხოსთან“. - დედაჩემი მასწავლებელია, ჩვენს სახლთან ახლოს, სკოლაში, ისტორიას ასწავლის. მამა კარდიოლოგია, მე ეკონომიური დავამთავრე შარშან წინ. ჩემი შეყვარებული ერთი უბრალო ბიჭია, რომელიც ფიზიკური შრომით არჩენს ოჯახს. ჩემი მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენს ურთიერთობას. ამიტომაც, ბოლო პერიოდში იძულებული გავხდი ჩვენი ურთიერთობა დაგვემალა და მშობლებს ვუთხარი, რომ ჩვენ დავშორდით. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მამაჩემს როგორღაც გაუგია, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიყავით და არც არასდროს დავშორებულვართ. სწორედ ეს იყო კამათის მიზეზი. ალბათ ამ „უწყინარი“ ტყუილით ორივეს ძალიან ვატკინე გული. მეც განვიცდიდი, რადგან ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თავიანთი შვილი საუკეთესო ყოფილიყო. როცა დასაძინებლად დავწექით რამდენიმე წუთში გადავწყვიტე გარეთ გამოვსულიყავი, ის სადგურიც ჩვენს სახლთან ახლოსაა. წვიმდა, რაც ასე ძალიან მიყვარს. მეტი რა მინდოდა?! ფიქრისთვის საუკეთესო პირობის შესაქმნელად სადგურის გზას დავადექი. შემდეგ რაც მოხდა უკვე იცით... - ნაწვიმარი თვალები შეიმშრალა გოგონამ და საუბარი განაგრძო. - მალე სამი წელი იქნება, რაც ამ უკუნს ებრძვის სული... ოჯახისა და საყვარელი ადამიანისგან გარიყული მარტოსული განვაგრძობ ცხოვრებას ისე, რომ ნორმალურად დღის შუქიც არ მინახავს. თავს ვისჯი, როგორც მსხვერპლი და დამნაშავე, თუმცა მაინც ვერ გამოვისყიდე ჩადენილი. კიდევ 14 წელი და ალბათ აზრსაც დაკარგავს ჩემი თავისუფლება. ვის სჭირდება ჩემნაირი შვილი?! ან ვის ეყვარება „დამნაშავე“?!
ერთხანს არცერთი არ არღვევდა დუმილს. ლინდა ხან ფანჯარაში გაიხედებოდა, ხან ისევ მოძღვარს შეხედავდა. ბოლოს, სიჩუმე ისევ გოგონას ხმამ გააპო.
-მხოლოდ თქვენ მოისმინეთ მსხვერპლის აღსარება... - ოდნავ წელში მოხრილმა იდაყვები მუხლებზე დაილაგა, ხელისგულებში თავი ჩარგო და აქვითინდა.
-დამშვიდდი შვილო... - მოძღვარმა ლინდას თავზე ხელი გადაუსვა. - როცა რაღაცას გულით ინანიებ აუცილებლად მოგეტევება, მთავარია რწმენა და იმედი არ დაკარგო.
-რისთვის მამაო?! - თავი ასწია და მოძღვარს შეხედა გოგონამ. - უფლის მწამს, მაგრამ რამ უნდა დამაიმედოს?! 14 წელი ძალიან დიდი დროა ჩემთვის...
-რამეს მოვიფიქრებთ, აუცილებლად შევძლებთ პატიმრობის ვადის შემცირებას, აქედან გახვალ და საყვარელ ადამიანებს გულში ჩაიკრავ. - გოგონა დააიმედა მოძღვარმა. - მთავარია გწამდეს უფლის ყოვლისშემძლეობის. ხომ გახსოვს თომაზე, რაც გითხარი? - თბილად გაუღიმა მოძღვარმა.
-მწამს, მჯერა, მაგრამ ჩემი განაჩენი შეუცვლელია, მხოლოდ ხატვას თუ გადავაყოლებ წლებს...
-ილოცე შვილო, ილოცე და უფალი აუცილებლად შეისმენს შენს ლოცვას, ქრისტე მოწყალეა და აუცილებლად დაგეხმარება.
-მთავარი აქედან გასვლა კი არაა მამაო, მთავარია როგორ დამხვდება ჩემი ოჯახი, ისინი ხომ ჩემი მდგომარეობით არც კი ინტერესდებიან... - ლინდას ნაღვლიანმა მზერამ მამა დავითს სული დაუმძიმა.
-შვილი მშობლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მხოლოდ მშობელს შეუძლია შვილი უყვარდეს ისეთი, როგორიც არის...
-მაშინ რატომ არ მოდის არცერთი ჩემს სანახავად?! - საუბარი შეაწყვეტინა ლინდამ.
-მოვლენ, თუ მათ შესწევთ მიტევების უნარი შვილს არ გარიყავენ და აუცილებლად მოვლენ. - მამა დავითმა ლინდას ხელისგულში ღვთისმშობლის პატარა ხატი ჩაუდო და წამოდგა. - რამდენიმე დღე ვერ მოვალ. ილოცე და უფალი აუცილებლად დაგეხმარება. შევეცდები მიწიერ კანონებში ჩავერიო, რომ სასჯელი შეგიმსუბუქდეს. იქნებ რამეს გავხდეთ. - დააიმედა გოგონა.
გოგონამ სევდიანი მზერით გააცილე მოძღვარი. თითქოს უფრო დამშვიდდა. მხსნელად მოვლენილს ჰგავდა მამა დავითი, რომელიც, ალბათ, უფლის ენაზე საუბრობდა.
მეორე დღეს, დაპირებულისამებრ, ლინდას მართლაც მოუტანეს რამდენიმე ტილო და ფუნჯები აკვარელებით. ამის დანახვაზე მას (დროებით) ყველაფერი დაავიწყდა, თითქოს ახალ ცხოვრებას იწყებდა ახლა უფრო მეტად მობილიზდა. იჯდა და უყურებდა თეთრ ტილოს, ისევ მზერაგაშეშება დაემართაო, თვალსაც არ ახამხამებდა. შემდეგ წამოხტა და ფეთიანივით ეცა ფუნჯებს. უცებ რაღაცეების მოხაზვა დაიწყო, რამდენიმე წუთი ხატავდა, შემდეგ ტილო საწოლის წინ, კედელზე მიაყუდა, თვითონ კი საწოლზე ჩამოჯდა და კმაყოფილებით აკვირდებოდა მამა დავითის პორტრეტს. თავს ნელ-ნელა ხან მარჯვნივ ხრიდა, ხანაც მარცნივ, თან სახეზე თბილი ღიმილი არ შორდებოდა.
ახლა წლები შედარებით მალე გადიოდა. ლინდა დღეებს ლოცვასა და ხატვაში ატარებდა. მალე ხატების წერაც დაიწყო. მამა დავითი ხშირად მოდიოდა ლინდას სანახავად და უხაროდა გოგონას უფრო ხალისიანს, რომ ხედავდა, ბევრს ლაპარაკობდნენ. ლინდას მხოლოდ თავისუფლება და საყვარელი ადამიანები აკლდა სრული ბედნიერებისთვის. მამა დავითი არ ნებდებოდა და გოგონასთან ერთად შეწყალების წერილებს აგზავნიდა ხან საპატრიარქოში, ხან პრეზიდენტთან და ხანაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ამასობაში პატიმრობის მეცხრე წლიც დაიწყო...
დრომ ტკივილი ვერ განუკურნა, თუმცა ტკივილთან ერთად ცხოვრება ასწავლა. მისი ყოველდღიურობა არ იცვლებოდა: როგორცკი გაიღვიძებდა ლოცვებს წაიკითხავდა და ხატვას იწყებდა. ძალიან ბევრი ნახატი დაუგროვდა, საკანი სახელოსნოს დაემსგავსა, სადაც მხოლოდ ნახატები, ფუნჯები და ტილოებია... გოგონას სიამოვნებდა ასეთ გარემოში ყოფნა. მოძღვარი ლინდას მხარში ედგა და მთელი გულით ეხმარებოდა. მისი ხატები აკურთხა და სხვა პატიმრებს დაურიგა, ხოლო მამა დავითის პორტრეტი, რომელიც მან პირველად დახატა საპატიო ადგილს იკავებდა საკანში.
მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდებოდა. ლინდას ეს დღესასწაული ძალიან უყვარდა. დღესასწაულამდე 2 დღით ადრე, საკნის კარები გაიღო და მამა დავითი შემოვიდა.
-დილამშვიდობისა შვილო, უფალმა დაგლოცოს და გაგახაროს. - ლინდა დალოცა მოძღვარმა.
-დილამშვიდობისა მამაო. - ლინდა ფანჯარას მოშორდა, მოძღვარს შეეგება და ხელზე ეამბორა.
-რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. - თითქოს შეამზადა.
-გისმენთ. - ლინდას ხმა ჩაუწყდა, მოკეცილი თითებით ხელისგულებს ნერვულად იკაწრავდა. ფერმკრთალი სახეც გაებადრა.
-უკვე წლებია წერილებს ვაგზავნით სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით. - საეჭვოდ გაჩუმდა მოძღვარი.
-მოთხოვნა ისევ არ დაკმაყოფილდა... - მამა დავითს თითქოს წინადადების დასრულებაში დაეხმარა ლინდა.
მოძღვარმა გახსნილი კონვერტიდან წერილი ამოიტანა.
-ღვთისმშობელმა შეისმინა ჩვენი ვედრება და პრეზიდენტმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. - ღიმილით უთხრა გოგონას. - შენი ტანჯვა დასრულდა შვილო და ყველა ოცნება აგისრულდება, ორ დღეში გაგათავისუფლებენ. - მამა დავითი წინადადების დასრულებისთანავე გოგონას მოეხვია.
ლინდა საკნის შუაგულში გაშეშებული იდგა, არ იცოდა უნდა გახარებოდა თუ სწყენოდა, ამ წუთს იმდენი წელი ელოდა, რომ საბრალო ემოციებს თავს ვერ უყრიდა. ვერ იჯერებდა, რომ რამდენიმე დღეში ოჯახსა და საყვარელ ადამიანს ნახავდა. თითქოს გონს მოეგოო, მოძღვარს ხელები მოხვია და ატირდა.
-ნუთუ მართალია, რაც მითხარით. - დაბნეულობისგან ხან ტიროდა, ხანაც იცინოდა. - მანახეთ... - მოძღვარს წერილი გამოართვა და, როცა დარწმუნდა, რომ მის გათავისუფლებამდე სულ რაღაც ორი დღე იყო დარჩენილი ჩაიმუხლა და აცრემლებული უფალს მადლობას სწირავდა სასწაულისთვის.
ემოციებს ერთად იზიარებდნენ მამა დავითი და ლინდა. საკნის კარის ზღურბლზე კი ნაცნობ ბადრაგს მათ შემხედვარეს ცრემლებით აევსო უპეები, შებრუნდა და კარი გაიხურა.
რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ მოძღვარმა ლინდა მარტო დატოვა და დაჰპირდა, რომ მარიამობის დილას მოვიდოდა და ლინდას წაიყვანდა.
დარჩენილი შვიდი წელი ალბათ უფრო მალე გაირბენდა, ვიდრე ამ ორი დღის განმავლობაში თავისუფლებამდე დათვლილი წამები მიიზლაზნებოდნენ. ლინდამ მოსვენება დაკარგა, ადგილს ვერ პოულობდა და ვერც ხატავდა. მხოლოდ ერთი და იგივე კითხვა უტრიალებდა გონებაში და ძალიან ბევრს ფიქრობდა ამაზე. როგორ დახვდებოდნენ მშობლები და გეგა? მისი ცხოვრების დიდი სიყვარული, რომელზეც ყველაზე მეტად იყო გულდაწყვეტილი, რადგან ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ მოსულა მის სანახავად, არ დაინტერესებულა მისი მდგომარეობით. თუმცა ლინდას ყველა წყენა და ტკივილი თითქოს დაავიწყდაო, მხოლოდ ოცნებობდა შეხვედრის წამზე. ნერვიულობდა, რას იტყოდნენ მშობლები. წარმოიდგენდა, როგორ იღება ციხის უზარმაზარი, რკინის ჭიშკარი და როგორ ეგებებიან მას მშობლები, მეგობრები და გეგა...
მარიამობის დილაც გათენდა. ლინდას მთელი ღამე არ უძინია, ნახატებს თავი მოუყარა და პატარა ზურგჩანთასთან ერთად კარებთან დაალაგა.
-ცაბოლოვი! - დერეფანში დაიძახა ბადრაგმა და კარები გააღო. - освобождаются! - უცხო ხმამ შემოსძახა საკანში.
ლინდა შეყოვნდა, განცდები აერია, არ იცოდა რა ექნა, ახლა უფრო ნერვიულობდა.
-მამა დავითი არ მოსულა? - აღელდა გოგონა.
-შვილო, თავისუფალი ხართქო, ახლა მაინც რაღად გინდა მამა დავითი, წადი სახლში! - მკაცქად უთხრა ქალმა.
ლინდა მამა დავითს ელოდებოდა, ეგონა პირობას შეასრულებდა და მოვიდოდა. თითქოს დროის გაყვანას ცდილობდა, ზანტად მოიკიდა ზურგჩანთა და ბადრაგს დახმარება სთხოვა ნახატების წაღებაში. ბადრაგმა ჯერ უკმაყოფილოდ შეხედა, შემდეგ მოვალეობის მოხდის მიზნით რამდენიმე ნახატი აიღო და გოგონას წინ გაუძღვა. ლინდა უემოციოდ მიაბიჯებდა დერეფანში უხეშ ბადრაგთან ერთად. როგორცკი ციხის ადმინისტრაციის სართულამდე მიაღწიეს, ლინდას თვალები გაუბრწყინდა, იქ მამა დავითი ელოდებოდა, რომელმაც უკვე საბუთები მოამზადა, მხოლოდ გოგონას ხელმოწერა აკლდა.
-მამაო... - ლინდა მოძღვრისკენ გაიქცა და მოეხვია. მისი დანახვა ასე ძალიან არასდროს გაჰხარებია.
-ხელი მოაწერე და გავიდეთ. - გაიღიმა მოძღვარმა.
გოგონამ რამდენიმე საბუთს ხელი მოაწერა. რამდენიმე წამში მამა დავითთან და ორ ბადრაგთან ერთად ციხის ჭიშკარს მიადგა, კარებიც მალე გაიღო და ლინდა უკვე თავისუფალი იყო...
ინტერესით შეათვალიერა ქუჩა, თითოეულ ადამიანს დაჟინებით აკვირდებოდა, თუმცა ნაცნობი ვერავინ ნახა, მამა დავითს შეხედა და თვალები აუცრემლიანდა.
-არც არავინ მოსულა... - სინანულით ჩაილაპარაკა გოგონამ. - ახლა რა უნდა ვქნა, ან სად უნდა წავიდე? - უიმედოდ ჩამოჯდა კიბის საფეხურზე და ატირდა.
-ნუ ტირი, სახლში წავიდეთ მე გამოგყვები, არ ინერვიულო. - მოძღვარმა გოგონას ხელი მოხვია და წამოაყენა.
ტაქსი გააჩერეს, გოგონამ მისამართი უთხრა და წავიდნენ. მთელი გზა დუმილს არ არღვევდა ლინდა, ახლა მხოლოდ იმაზე ნერვიულობდა, რა ხდებოდა სახლში? როგორ იყვნენ მშობლები? და, რა რეაქცია ექნებოდა მათ შვილის დანახვაზე? სახლს რაც უფრო უახლოვდებოდა, მეტად იძაბებოდა.
ლინდა მამა დავითის გარეშე სახლში არ შედიოდა. შევიდნენ. შუახნის მამაკაცმა გააღო, მოძღვრის დანახვაზე მოკრძალებულად გაიღიმა, შემდეგ შვილი დაინახა და თვალები გაუფართოვდა, ღიმილი შეეყინა, ნელ-ნელა უკან იხევდა, თითქოს გზას უთმობდა მოძღვარს და მის თანმხლებ ახალგაზრდა ქალს, რომელიც თითქმის ათი წელია არ უნახავს.
-მარიამობას გილოცავთ. ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ, უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ შვილო ჩემო. - დღესასწაული მიულოცა ლინდას მამა დალოცა მამა დავითმა.
-თქვენიანად მამაო. - მექანიკურად წამოსცდა მამაკაცს.
-შეიძლება შემოვიდეთ? - მორიდებით იკითხა მამა დავითმა.
-თქვენ კი, აი, ის - არა!!! - მკაცრად მიუგო მამაკაცმა.
-ეს თქვენი შვილია, ლინდა.
-ვცნობ მამაო, თითქმის ათი წელია არ მინახავს, მაგრამ ვცნობ. - ხმა გაებზარა მამაკაცს.
-იცით, მეუხერხულება ზღურბლთან წარსულის გარჩევა, მაგრამ ვფიქრობ უნდა დაილაპარაკოთ.
-ვის უნდა დაველაპარაკო, მკვლელს?! - კოპებშეყრილმა შეხედა მოძღვარს.
-მოუსმინეთ, იქნებ რა უნდა გითხრათ... - დინჯად უთხრა მამა დავითმა.
-ყველაფერი ისედაც ნათელია, მე კიდევ შვიდი წელი არ ველოდი მას და არც შვიდი წლის შემდეგაც! მკვლელი შვილი მე არ მჭირდება!
ლინდას უპეები ცრემლებით აევსო, ცდილობდა არ ეტირა, თუმცა გრძნობდა, რომ თავს ვერ იკავებდა. მოძღვარმა გოგონას შეხედა და შემდეგ ისევ მის წინ მდგარ მამაკაცს მიუბრუნდა.
-თქვენ ალბათ იმ უცოდველთაგან ერთ-ერთი ხართ პირველი, რომ ესვრის ქვას „ცოდვილს“ - ტონი შეიცვალა მოძღვარმა.
-მამაო, თუ სხვა არაფერი გაქვთ სათქმელი დაგემშვიდობებით. - უკან არ იხევდა მამაკაცი.
-კარგად ბრძანდებოდეთ! - გოგონას ხელი ჩაჰკიდა და მანქანაში ჩასხდნენ.
ლინდა ატირდა, ყველაფერი, რაზედაც ოცნებობდა ერთ წამში დაენგრა, მშობლებმა მხოლოდ ზურგი კი არ აქციეს, გულიდანაც ამოიგლიჯეს ერთადერთი შვილი. ნორმალურად ვერც გაიგო რა ხდებოდა მათ თავს, რა უჭირდათ ან, რა ულხინდათ, ვერც დედა ნახა. მამა დავითი ამშვიდებდა და იმით ანუგეშებდა, რომ მეგობრების მოძებნაში დაეხმარებოდა, რომლებიც ყველაფერს დაწვრილებიტ მოუყვებოდნენ.
-დღეს ჩემთან წამოდი, ხვალ კი ერთად მოვძებნით შენს საუკეთესო მეგობარს და გეგას. - დაჰპირდა მოძღვარი.
-არა მამაო, დღესვე წავალ ნინასთან და დაველაპარაკები, აქვე ცხოვრობს, მირჩევნია ყველაფერი დღეს მოვაგვარო. - გადაჭრით უთხრა ლინდამ. - მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. - ცრემლები შეიმშრალა გოგონამ.
-არავითარ შემთხვევაში! - ხმა გაუმკაცრდა მოძღვარს. - მეც შენთან ერთად წამოვალ და ყველაფერს ერთად გავარკვევთ.
ლინდას გული აუჩუყდა, გრძნობდა, რომ მარტო აღარ იყო. მეგობრის სახლთან მალევე მივიდნენ. გოგონა მანქანიდან გადავიდა და რამდენიმე წამში კართან გაჩნდა. კარი ხანში შესულმა ქალბატონმა გააღო.
-ნინა აქ ცხოვრობს? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ლინდა.
-დიახ. - გაუკვირდა ქალს. - ვინ ბრძანდებით?
-თუ არ შეწუხდებით დაუძახეთ... - მორიდებით უთხრა გოგონამ.
რმდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ კართან ხანშიშესული ქალბატონი ოცდაათ წლამდე ახალგაზრდამ ჩაანაცვლა. გოგონას თითქოს ეცნობოდა სტუმარი.
-ნინა ვერ მიცანი? ლინდა ვარ - აუხსნა გოგონამ.
-ლინდა... - გაუკვირდა ნინას. - შენ.. კი, მაგრამ აქ საიდან გაჩნდი. - ნინა მოეხვია მეგობარს და შემოიპატიჟა.
-მე მანქანაში დაგელოდები შვილო. - მიაძახა მოძღვარმა.
-მობრძანდით მამაო. - ნინამ გვიან შეამჩნია ლინდასგან მოშორებით მდგარი მოძღვარი.
-არა შვილო, ილაპარაკეთ, მე მანქანაში ვიქნები.
მეგობრები სახლში შევიდნენ, ლინდა თავს ვერ იკავებდა, გაუთავებლად ტიროდა.
-ბოდიში ასე მოულოდნელად და გაუფრთხილებლად, რომ მოგადექი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ციხიდან როგორცკი გამოვედი სახლში წავედი, მაგრამ მამაჩემმა მკვლელი შვილი არ მჭირდებაო და სახლში არ შემიშვა, დედაჩემიც კი არ მინახავს. - აუხსნა ატირებულმა გოგონამ.
-კარგი დამშვიდდი... - შეებრალა ლინდას.
-ლინდა ყველაფერი ისემოულოდნელად მოხდა... თან იმდენი დრო გავიდა... - ნინა ვერ მიხვდა საუბარი საიდან დაეწყო. - კარგი არაფერი მომხდარა ამ ხნის განმავლობაში. არ მინდა გული გატკინო და ამიტომაც არ გეუბნები არაფერს.
-მითხარი რა მოხდა... - ლინდამ მეგობარს თავი მოაჩვენა, ვითომ დამშვიდდა...
-იცი?.. - თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა ნინას.
-მითხარი ნუღარ მაწვალებ, ხომ მაინც უნდა გავიგო და მირჩევნია შენ მითხრა, დედაჩემი ხომ კარგადაა, გეგა არ გამოჩენილა?
-კი დედაშენი კარგადაა, აი, გეგა... - ვერ ეუბნებოდა ნინა, მაგრამ როგორღაც ძალა მოიკრიბა. - გეგამ 6 წლის წინ ცოლი მოიყვანა. - უთხრა და თვალი აარიდა ნინამ მეგობარს.
-რა-ა? - მზერა გაუშეშდა ლინდას. - გეგამ... ცოლი მოიყვანა? - გაკვირვებისგან ძლივს მოაბა სათქმელს თავი.
-ჰო, სამწუხაროდ ასეა. ჩემთან მოვიდა იმ ამბის შემდეგ, გაკვირვებული იყო მომხდარით, მითხრა, რომ იმდენად იყო გაბრაზებული, შენი ნახვა არ უნდოდა.
-ახლა სად არის? - დაინტერესდა ლინდა.
-ორი წლის წინ მამა გარდაეცვალა, დედამისის ძმამ მთელი ოჯახი თავისთნ წაიყვანა მოსკოვში. არ ვიცი, მემგონი არც ჩამოსულა. - დაიბნა ნინა.
-კარგი, მე წავალ, არ ვიცი რა იქნება, არ ვიცი რას ვიზამ... – წამოდგა ლინდა და კარისკენ წავიდა.
-ლინდა... აქ დარჩენას ვერ შემოგთავაზებ, ხომ იცი შეიძლება შენები მოვიდნენ და...
-არც მითხოვია ნინა, დამშვიდდი... - საუბარი გააწყვეტინა და მშვიდად დაასრულა წინადადება ლინდამ. - ნახვამდის!
ლინდა მანქანაში ჩაჯდა და მამა დავითს გაუკვირდა მისი მკაცრი მზერა, ნამტირალევი თვალები ბრაზისგან გაფართოებული ჰქონდა.
-რამე გაარკვიე? - ხმადაბლა, მორიდებით ჰკითხა მოძღვარმა.
-გავარკვიე და დავრწმუნდი, რომ არავის იმედი არ უნდა მქონდეს, გარდა უფლისა და თქვენი მამაო. - სახე შეეცვალა გოგონას.
-თუ გინდა მითხარი რა მოხდა... - შესთავაზა მოძღვარმა.
-გეგას ცოლი მოუყვანია და საცხოვრებლად მოსკოვში გადასულა ბიძასთან. - უჩვეულო სიმშვიდით მიუგო ლინდამ.
მოძღვარმა ვერაფერი უთხრა, თან გოგონას ეტყობოდა, რომ იმედგაცრუებულიც იყო და გაბრაზებულიც.
-მამაო, გადაწყვეტილება მივიღე!
-რა გადაწყვეტილება შვილი? - გოგონასკენ შემობრუნდა მოძღვარი.
-რაღაც დროით მონასტერში უნდა ვიცხოვრო.
-ასეთ გადაწყვეტილებას სიფრთხილით უნდა მოეკიდო შვილო, ცივი გონებითა და ცხელი გულით კი გაგიჭირდება მონასტერში ცხოვრება, იქ ყველაფერი...
-ვიცი! ყველაფერი კარგად ვიცი, არც ცივი გონება და არც ცხელი გული არაფერ შუაშია, თუ შესაძლებელია მონასტერში მინდა ცხოვრება. - წინადადების დასრულება არ აცადა ლინდამ მამა დავითს.
-დღეს დაისვენე და ხვალ თუ ისევ იგივე აზრზე იქნები, მაშინ წავიდეთ. - პირობა მისცა მოძღვარმა.
მამა დავითმა ლინდა თავისი დის სახლში წაიყვანა. გოგონა მთელი გზა იმ შეცდომებზე ფიქრობდა „დედის დაუჯერებელი კვიცობით“, რომ ჩაიდინა. ცნობიერებიდან გეგასთან გატარებულ დროს ვერ შლიდა. სულ წარსულზე ეფიქრებოდა. რამდენი რამე გამოიარა, იმ იმედით, რომ ერთი დღიდანაც საყვარელ ადამიანთან ბედნიერად იცხოვრებდა. ოჯახსაც კი დაუპირისპირდა, რომ შვილის გადაწყვეტილება მათთვის მისაღები ყოფილიყო. როგორ ეგონა, რომ ჯერ, ადამიანის მკვლელობის ბრალდებით ციხეში მოხვდებოდა, შემდეგ კი საკანში გატარებული ცხრაწლიანი პატიმრობის შემდეგ ყველა იმედი მის თვალწინ დაიმსხვრეოდა.
მეორე დილასაც ლინდას გადაწყვეტილება შეუცვლელი იყო. მამა დავითს სთხოვა და ისეთ მონასტერში წავიდა საცხოვრებლად, სადაც საერთოდ არავის არ იცნობდა. სახელმწიფო პატიმრობაში ყოფნას, უფლის სამსახურში („პატიმრობაში“) ყოფნა ბევრად სჯობდა და ამიტომაც გადაწყვეტილება უფრო გაამკაცრა. რამდენიმე თვეში ის მონაზვნად აღიკვეცა და მთელი ცხოვრება უფალს დაუთმო...
* * *
ძნელია ცხოვრების ყველა ეტაპზე ურთულესი ბარიერები გხვდებოდეს, თუმცა სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ ყველა დავალებას წარმატებით გაართვი თავი და „ფინალის საგზური“ მოიპოვე. „ფინალი“ - მარადიული სასუფეველია. ნათქვამია, „უფალი ისეთ განსაცდელს არ მოუვლენს ადამიანს, რომელთანაც გამკლავება გაუჭირდება“-ო. ცხოვრება ასეა მოწყობილი, ვაშავებთ, ვისჯებით, ვინანიებთ, მოგვეტევება... თუ დავაშავებთ პასუხიც აუცილებლად უნდა ვაგოთ და დავისაჯოთ კიდეც. მოვინანიებთ, მაგრამ არც კი ვიცით მოგვეტევება თუ არა. რთულია ეკლის გზაზე მარტომ იარო, რთულია ყველასგან მოშორებით, საყვარელი ადამიანების გარეშე განაგრძო ცხოვრება. რთული, მაგრამ არა შეუძლებელი! რადგან ასეთი ადამიანები ყველაზე მეტად გრძნობენ უფლის თანადგომას და იმაზე სასიამოვნო და საპატიო არაფერია, როცა გრძნობ, რომ „უფალი შენთან არს!“
მზეკო ჟვანია